ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა
პოლიტიკა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შენობის შესასვლელთან იმყოფებიან და რიგგარეშე არჩვნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით ყველა უწყებასთან გაიმართება.
მათივე თქმით, საღამოს 19:00 საათზე სიტყვით გამოსვლებთან ერთად იქნება გასართობი შოუ, დიჯეი და სხვადასვა თამაში. მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე გაათენა.
„აქციები იქნება აჭარის მუნიციპალიტეტების მასშტაბით. ამ პროცესით უნდა გამოვაფხიზლოთ საზოგადოება და ვაიძულოთ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში დააკმაყოფილოს მოთხოვნები. მთავრობის წევრებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალებას არ მივცემთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა.
ბათუმში საპროტესტო აქციები, თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.




