ლევან კვატაშიძე
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სამანქანო გზა გადაკეტეს
პოლიტიკა

აქცია პარლამენტთან
ფოტო: ლევან კვატაშიძე
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სამანქანო გზა გადაკეტეს. აქციის რამდენიმე მონაწილე გზაზე დაჯდა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ. როგორც სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, მოძრაობა ყველა პარტიას სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. "ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ყველა უნდა გამოვიდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ", - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის", მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება გააპროტესტონ. ირმა ინაშვილის თქმით, "ახლა აღარ არის გარჩევის დრო, ესა და ის პარტია, ყველამ უნდა გააერთიანოს ძალები".
პარლამენტში პროპორციულის ჩაგდებასთან დაკავშირებით Facebook-ლაივის დროს მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა და თქვა, რომ "23 ნოემბერი მოდის და ხალხი უნდა დაირაზმოს". შეფასებები გააკეთა ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამაც.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. უკვე ცნობილია, ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.





