სააკაშვილი: 23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: არქივი
მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.
სააკაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას გამოეხმაურა.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეწინააღმდეგებიან.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
კენჭისყრამდე, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ისევ ვერ შეჯერდნენ. უმრავლესობის მაჟორიტარმა წევრებმა თანაგუნდელები ვერც გუშინდელ სხდომაზე დაარწმუნეს.
ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია.
12 ნოემბერს პარლამენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე, ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.
რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების პროპორციული სისტემისა და ნულოვანი ბარიერის შესახებ? შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.





