მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს
პოლიტიკა

მიხეილ ბატიაშვილი
ფოტო: განათლების სამინისტრო
საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ თქვა, მიხეილ ბატიაშვილის პირადი თხოვნა იყო, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.
"რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოებაა, "ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას", - თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.
მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.




