ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რაც არა ერთ პრობლემას წარმოშობს, მათ შორის საავადმყოფოში გადაუდებელი ვითარების დროს ექიმის დროულად მისვლის პრობლემას. მინისტრის მოადგილის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„..ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას თქმით, დღეს ექთნების მწვავე დეფიციტია სისტემაში, ასევე ექთნები არათანაბრად არიან გადანაწილებულები სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში.
„ამდენად, ჩვენი მოლოდინი ამ შეფასების საფუძველზე ასეთია, რომ სელექციური კონტრაქტირების პირობებში საშუალება გვექნება, ადამიანური რესურსი გამოვიყენოთ მეტად ოპტიმალურად ანუ ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
ექიმების რამდენიმე ადგილას მუშაობის საკითხი აქტუალური 2017 წელსაც იყო. ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმებოდა. მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ ასეთ ამკრძალავ რეგულაციებზე მუშობა სამინისტროს არც დაუწყია და ამას არც მომავალში გეგმავს.
2019 წლის სექტემბერში ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ გახდა ცნობილი ,რომელიც შრომის კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს.





