თამთა თოდაძე ობიექტურ და დროულ გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა

თამთა თოდაძე
ფოტო: Youtube
სექსუალური და ფიზიკური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. "ქრონიკისთვის" ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხა "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ჯიშკარიანი. დღეს კი ასევე იგეგმება როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომლების, ასევე მალხაზ ფეიქრიშვილის დაკითხვა, ვინაიდან თავად თამთა თოდაძე ამბობს, რომ სწორედ მალხაზ ფეიქრიშვილი იყო შუამავალი, რომელიც მის ოჯახთან ჯიშკარიანმა მიაგზავნა საქმის მოგვარებისთვის.
თამთა თოდაძემ დღეს პრესკონფერენცია უფლებადამცველებთან ერთად გამართა და საგამოძიებო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. უფლებადამცველები და თავად თოდაძეც აცხადებს, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც მასზე ძალადობას ადასტურებს.
"რადგანაც სამწუხაროდ, ამ დრომდე არ მოხდა ჩემი დაზარალებულად ცნობა და არ გატარდა ის რიგი ღონისძიებებისა, რაც აუცილებელია გამოძიების სწორი მიმართულების მისაცემად, ჩემი მთავარი თხოვნაა, რომ საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უფრო მეტად დამანახონ რომ აკეთებენ ყველაფერს ამ საქმის მაქსიმალურად გამოსაძიებლად", - განაცხადა თამთა თოდაძემ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან სავარაუდოდ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის, თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.




