თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი თემა რუსული ოკუპაციაა
პოლიტიკა

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მთავარი თემა რუსული ოკუპაციაა. კონფერენციას 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი და 500-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორისაა ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, ჯონ მაკკეინის მეუღლე, სინდი მაკკეინი, რომელიც კონფერენციას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება. მისი თქმით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოსთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
„შექმნილი ვითარების ფონზე აუცილებელია დიალოგი. უთანხმოება პოლიტიკოსებს შორის ყოველთვის არსებობს და მის დასაძლევად საჭიროა საუბარი“, - განაცხადა სინდი მაკკეინმა.
სიტყვით გამოვიდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერიც, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.
ასევე, დელეგატებმა და სტუმრებმა საქართველოს ახალი ხელისუფლება შეაფასეს და გახარიას მთავრობას წარმატება უსურვეს.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.





