თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხვეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი პარლამენტის წევრი იყო, თენგიზ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხვეს.
შარმანაშვილი მას მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო.
როგირც შარმანაშვილი ამბობს, კუპრაძემ ეს იცის და ისიც იცის, რომ ბადრი „ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია“.
„მატყუარა! როდესაც სამხედრო გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო და დანარჩენებსაც იგივე ელოდა. საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. არ იცის? იცის, მაგრამ ტყუილი სულს ურჩევნია. კიდევ, მაგ ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს. არა? არ იცის? ეგეც იცის. მე კიდევ ხელფასიდან ხელფასამდე ვალებს ვისტუმრებ. ამას არავის ვამადლი, მაგრამ ამნაირი ნილოსის ნიანგების მადის ხალხის სალაპარაკო არა ვარ. ეგეც იცის ალბათ, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის. საკუთარ სამშობლოს მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის წართმევას უპირებდა ჯაფარიძეც. კიდევ კარგი, წააგო ეს საქმე პარიზის არბიტრაჟში. რა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა, ვინ იყო? შემთხვევითი „პასაჟირი“. ვინმეს ახსოვს? არა ხართ ახლა ზოგიერთი ქვეყნის გემის მიმართულებით გასაშვები? და საერთოდ, მე არ დამიწყია, მაგრამ ეტყობა ვინმეს ილუზია აქვს, რომ რა უქნეს ხალხს და მათ ქონებას ვინმეს დაავიწყდა, გავახსენებთ“, - წერს შარმანაშვილი.





