ლინკევიჩუსი: მკაცრად ვგმობ ე.წ. არჩევნებსა და ბორდერიზაციას
პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი
ფოტო: Twitter
მკაცრად ვგმობ ყველა ქმედებას, რაც ე.წ. არჩევნებსა და ბორდერიზაციას უკავშირებდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლინკევიჩუსის თქმით, ყველა მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით ლიეტუვა საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს.
„მკაცრად ვგმობ ყველა ქმედებას, რაც ე.წ. არჩევნებსა და ბორდერიზაციას უკავშირებდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით ლიდერია. ნატოსთან მიმართებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრივით მოქმედებს, აგზავნის ჯარისკაცებს, იზიარებს რისკებს, რაც მომავალში ძალიან ძლიერი არგუმენტი იქნება“, - აღნიშნა ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვილნიუსი ყოველთვის ელოდება, რომ საქართველოში იქნება ძლიერი დემოკრატია.
„ქვეყანაში, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება სურს, არჩევნები, მედიაპლურალიზმი და დემოკრატიის ყველა ინსტრუმენტი ძლიერი და დაცული უნდა იყოს. ეს პროცესი ყოველთვის არ არის ადვილი, არსებობს ბევრი ბარიერი და ობიექტური პრობლემა. ამ ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ლიეტუვისთვისაც. ის, ვინც ცდილობს, რომ მიზნებს სამხედრო გზით მიაღწიოს, უნდა შეჩერდეს. საქართველო ამ პროცესში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს“, - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პირველი დიპლომატი შეხვდება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიზიტის ფარგლებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში. ვიზიტი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის“ სახელწოდებით შევიდა.





