ანა ბერუკაშვილი
ნაციონალების ოპოზიციური ერთობა ხელისუფლებას 4 მოთხოვნას უყენებს
პოლიტიკა

ფოტო: ანა ბერუკაშვილი
პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება არის საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკოსების და ყველას გამარჯვება, თუმცა ეს არ არის ბრძოლის დასასრული, - ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნაციონალების ოპოზიციური ერთობის ლიდერებმა განაცხადეს.
"ის რაც დღეს მოხდა არის მთლიანად საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი თავისუფლებისმოყვარული ახალგაზრდების და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი, მაგრამ ბრძოლა იმისათვის რომ საქართველო გადაიქცა სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად ჯერ არ დამთავრებულა, ამისათვის გადასადგმელია რამდენიმე ნაბიჯი, პირველი, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი რომელმაც გაბედო და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე და ახალგაზრდებზე, მეორე, აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული რომელსაც სრულიად დაჩქარებული სტალინისტური მეთოდებით დაკავება შეუფარდეს, მესამე აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე და მეოთხე,სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი იმისათვის, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილებები",- თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიცია ოთხ მოთხოვნას აყენებს:
1. თანამდებობიდან გადადგეს შს მინისტრი
2. გათავისუფლდეს ყველა დაკავებული
3. დაისაჯოს ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა უკანონო ქმედებებში
4. დროულად დაიწყოს საუბარი პროპორციულ არჩევნებზე
რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ საზოგადოების აზრი უნდა გაიგონ, იმ საზოგადოების, რომელიც დღეს 19:00 საათზე ისევ შეიკრიბება.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.





