ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო ძალიან მძიმე სანახავი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში განუცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი კობახიძე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი საერთო არ აქვს არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და რაზეც ყოველთვის გავამახვილებთ ყურადღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სესიის არსებული ფორმით გაგრძელების არ დაშვება მისი მყისიერი მოთხოვნა იყო.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი დღეს ასევე დააყენა თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარაშვილმაც და "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
ირაკლი კობახიძის სკამიდან რუსი დეპუტატის მიმართვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". "ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - დაწერა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი კონფერენციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებას გამოეხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი: "დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს", - თქვა ქუცნაშვილმა.
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.



