თალაკვაძე: პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის, კონფერენცია უნდა შეწყდეს
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: არქივი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმიანება და აცხადებს, რომ კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. "რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!", - წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სკამიდან რუსი დეპუტატის მიმართვას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. "რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება იყოს ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე.
პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ნახვამ "გაანადგურა". "ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - დაწერა თამარ ჩუგოშვილმა Facebook-ზე.
რუსი დეპუტატის ქცევა "ევროპული საქართველოს" წევრებმაც გააპროტესტეს და მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებას გამოეხმაურა ზაქარია ქუცნაშვილი: "დიპლომატიური ქაჯობაა როცა ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა პერსონაზე დაგყავს", - თქვა ქუცნაშვილმა.
თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.




