ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში საკრებულოდან ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა
პოლიტიკა

აქცია ქუთაისის მერიასთან
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
ქალაქის საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით, ქუთაისში, მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
„ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია“,-პროტესტის მონაწილეები ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ.
შეკრებილი მოქალაქეები ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, საკუთარი პოზიცია სხდომაზე საკრებულოს ყველა წევრმა უნდა დააფიქსიროს.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, დამკვიდრდეს მაღალი სტანდარტი და ისეთი ადამიანები, რომლებიც სიძულვილს ტირაჟირებენ, არ იყვნენ საკრებულოში.
„ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებას არ ძინავს და ჩვენი მოთხოვნაა, პოლიტიკური ტრიბუნიდან არ მოხდეს სიძულვილის ტირაჟირება. ჩვენ არ ვებრძვით ერთ ნანა კოსტავას, ჩვენ ვებრძვით ნანა კოსტავებს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო.
მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.
მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.




