პაპუნა შუშანია
ნატო: რუსეთის აგრესიულობის გათვალისწინებით გავზარდეთ ჩვენი წამომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში
პოლიტიკა

ფოტო: პაპუნა შუშანია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს - SNMG2 უმასპინძლა. ფოთის პორტში ამჟამად ოთხი სამხედრო გემი დგას. ესენია: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).
ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
,,ის, რომ რუსეთმა საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალა, ჩემთვის მიუღებელია და სწორედ იმის გათვალისწინებით, აქტიური აგრესიულობის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ახორციელებს, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წამომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსთან. წარსულშიც ვატარებდით წვრთნებს საქართველოს საზღვაო ძალებთან და ამას მომავალშიც ვგეგმავთ“, - განაცხადა ბაუდევაინ ბუთსმა.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია, საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.





