საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
არჩევნები 2024

ფოტო: ცესკო
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მოსახლეობა მე-11 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლები პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ოთხი წლის ვადით აირჩევენ. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს.
ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 20:00 საათამდე გასტანს.
ხმის მიცემა შესაძლებელია საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში. ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით. ამ მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.
საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სხვა პირის ნაცვლად (მათ შორის მინდობილობით) ხმის მიცემა. თუ ამომრჩეველი სხვა ქვეყნის მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს მოქალაქეც არის, მას შეუძლია არჩევნებზე ხმის მიცემა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს.
წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.
ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია.
საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან ამავე დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.
საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
როგორ უნდა მისცეთ ხმა ელექტრონულ არჩევნებში ნახეთ ამ ბმულზე.
იხილეთ საინფორმაციო ვიდეორგოლები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.





