აზერბაიჯანი საქართველოს დასახმარებლად ცოცხალ ძალას და ტექნიკას აგზავნის
ხანძარი

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალების შესაბამისად, საქართველოში აზერბაიჯანიდან დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 10 სახანძრო მანქანა და 79 თანამშრომელი, ასევე სამოქალაქო თავდაცვის ჯარების ოთხი ერთეული ტექნიკა და 10 თანამშრომელი დაეხმარება.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ვერტმფრენებით საქართველოში განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის 26 მაშველი უკვე გამოიგზავნა. მათი სპეციალობა რთული რელიეფის პირობებში მუშაობაა.
იგეგმება სპეციალური საველე კარვების გაშლაც.
სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. ცეცხლი 2014-2017 წლებში აღდგენილი ტერიტორიების ზემოთ არსებულ ფერდობზე იყო გავრცელებული. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.
საქართველოს დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულები არიან სხვა სახელმწიფოებიც. როგორც ცნობილია, უკვე ბორჯომის ხეობაშია ორი თურქული ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ჯამში 5 ვერტმფრენი მუშაობს, საიდანაც დანარჩენი 2 ქართული, 1 კი აზერბაიჯანულია. ვერტმფრენი გამოგზავნა ბელარუსმაც, თუმცა როდის იქნება ის ბორჯომის ხეობაში, ჯერჯერობით უცნობია. სომხეთმა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა გამოყო. სამუშაოებში სომხეთიდან 65 მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.





