ნუცა ტრაპაიძე
არჩილ თალაკვაძე: ბორჯომის ხეობაში ხელისუფლებამ ნდობა გაამართლა
ხანძარი

არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბორჯომის ხეობაში მეხანძრეების და ხელისუფლებას მოქმედება შეაფასა.
„ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე არის გმირების ისტორია. როდესაც 2016 წლის დეკემბერში პარლამენტი მთავრობას ამტკიცებდა, სწორედ ასეთი პრემიერმინისტრი, სწორედ ასეთი მინისტრები იდგნენ ჩვენს წინაშე. მათ ნდობა გაამართლეს. ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ მეხანძრე-მაშველების და მფრინავების თავდადება, ვნახეთ მამაცი ჯარისკაცების ბრძოლა ცეცხლთან, ვნახეთ პოლიციელები როგორ ინარჩუნებდნენ წესრიგს და მედიკოსები როგორ იცავდნენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, ჩვენი ელჩები როგორ ასრულებდნენ მოვალეობას.რა თქმა უნდა ზარალს დავითვლით, ტყის ფართობებსაც აღვადგენთ, თუმცა ყველაზე დიდი სიამაყით დავითვლით ხეებს, რომლებიც ამ დღეებში ერთად გადავარჩინეთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები. მობილიზებულია ავიაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ისევ ჩაერთვება.
საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.





