საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება უკანონოდ ცნო
მსოფლიო

ფოტო: Facebook
ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო რესპუბლიკის კანონი, რომელმაც ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სამ მუხლს, რომელშიც წერია, რომ ინგუშეთის ხელისუფლების ძალა ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფომ უნდა შეინარჩუნოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და საზღვრების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია მხოლოდ მოსახლეობის თანხმობით.
რადგანაც ჩეჩნეთთან საზღვრის შეთანხმება რეფერენდუმის გარეშე დაიდო, მიღებული დოკუმენტი იურიდიულად არ დამტკიცდა.
16 ოქტომბერს, ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს, რასაც ინგუშეთში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.





