Sky News: კოლუმბიაში შეიარაღებულმა პირებმა სუპერმარკეტში, სულ მცირე, 20 ადამიანი მძევლად აიყვანეს
მსოფლიო

ფოტო: ვიდეოკადრი
კოლუმბიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტურისტულ ქალაქ კარტახენაში შეიარაღებული და ნიღბიანი პირები სუპერმარკეტში შეიჭრნენ და, სულ მცირე, 20 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად მათ 30 ადამიანი ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მოგვიანებით 10 მძევალი, მათ შორის ექვსი ხანდაზმული ქალი და ერთი ბავშვი, გაათავისუფლეს.
კოლუმბიის პრეზიდენტის აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, თავდამსხმელები სუპერმარკეტში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ჯავშნიანი ავტომობილის გაძარცვა სცადეს. შემთხვევის ადგილზე შექმნილ გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბში არსებული წყაროების ცნობით, თავდასხმაში ხუთი პირი მონაწილეობდა.
ბოროტმოქმედებს დე ლა ესპრიელამ „ჩვეულებრივი დამნაშავეები“ უწოდა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალების ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სპეციალური დანაყოფები, უკვე მობილიზებულია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გამორბის ათობით ადამიანი კარტახენაში, ლა-კასტელიანას რაიონში მდებარე სუპერმარკეტ „ექსიტოდან“. მანამდე გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი მაღაზიის ვიტრინებთან მუხლებზეა დაჩოქილი, ხელები, სავარაუდოდ, შეკრული აქვთ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე აფეთქებების ხმებიც ისმოდა. ახლომდებარე შენობებზე სნაიპერები იყვნენ განლაგებული, სუპერმარკეტის შესასვლელთან კი შეიარაღებული პოლიციელები იმყოფებოდნენ.
კარტახენა კოლუმბიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. მომხდარის გამო ქალაქის რაფაელ ნუნიესის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება დროებით შეაჩერა, რადგან შეიარაღებული ძალები ერთ-ერთ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს იყენებდნენ. შეზღუდვა დაახლოებით 45 წუთში მოიხსნა.





