ტრამპი: აშშ რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლისთვის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Twitter
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ მზად არის ბირთვული არსენალი გააძლიეროს, რათა რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლა მოახდინოს და ასევე მათზე, ვისაც „ამ თამაშის თამაში სურს, სანამ ეს ქვეყნები გონს არ მოეგებიან“. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
თეთრის სახლის ლიდერის განმარტებით, რუსეთი არ ასრულებს საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების შესახებ 1987 წლის შეთანხმებას, რომლის დატოვების გადაწყვეტილებაც ტრამპმა მიიღო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის.
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვეს საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.
შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რადგან იაზრებენ, რომ "ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება". შეთანხმება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.





