ტრამპი საუდის არაბეთთან $110-მილიარდიან კონტრაქტს არ ჩაშლის
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: არქივი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვის აკრძალვა არ იგეგმება. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
The Washington Post-ის მიმომხილველის გაუჩინარებისა და სავარაუდო მკვლელობის გამო, ბევრმა ამერიკელმა სენატორმა საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვაზე ემბარგოს დაწესება მოითხოვა. თუმცა, როგორც აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონი იზარალებს, რადგან საუდის არაბეთი იარაღს ჩინეთისგან ან რუსეთისგან იყიდის. ტრამპის თქმით, ერ-რიადთან გაფორმებულია 110 მილიარდ დოლარად შეფასებული კონტრაქტი, რომელიც აშშ-ში 450 000 სამუშაო ადგილს ქმნის.
იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარების მიღმა საუდის არაბეთი დგას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მკაცრი სასჯელით იმუქრება.
„ჩვენ ძალიან გავბრაზდებით, თუ ეს ვარაუდი დადასტურდება. ჯერჯერობით, ისინი ბრალდებას უარყოფენ. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ რეალობას და თუ მათი კვალი დადასტურდება, სერიოზული სასჯელი ელოდებათ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს.
მედიაში დაიწერს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ამერიკულ მხარეს უკვე გადასცა ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც საკონსულოში ჟურნალისტის დაკითხვასა და მის მკვლელობას ასახავს. მედიის ცნობით, ვიდეო და აუდიოჩანაწერი ჟურნალისტის ელექტრონულ საათზე Apple Watch-ზე აღმოჩნდა.
2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.
ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მოქალაქეა.





