ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად უკრაინის ნატოში გაწევრიანება განიხილონ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინის სრულფასოვანი წევრობა ნატოში უსაფრთხოების უფრო ეფექტური გარანტია იქნება, ვიდრე ისეთი გარანტიების შეთავაზება, რომლებიც ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსია.
„თუკი უკვე სრულიად ნორმალურად ჟღერს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ომის შემდეგ მშვიდობიანი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პირობაა და ზოგიერთი ამ გარანტიებს მე-5 მუხლის მსგავსს უწოდებს, მაშინ რატომ არ ვთქვათ ხმამაღლა ის, რაზეც ამდენი ადამიანი ფიქრობს: ხომ არ იქნებოდა უფრო ეფექტური უკრაინის ნატოში გაწევრიანება? განა ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი, უფრო იაფი და საიმედო არ იქნებოდა ამის განხორციელება, როდესაც საქმე ფაქტობრივად უსაფრთხოების დაცვას ეხება?“ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, როდესაც საუბარია ნატოს შექმნის შესახებ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე, უკრაინას ძალიან მკაფიო კითხვებზე სჭირდება პასუხები. კერძოდ, აუცილებელია იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს უკრაინას იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კვლავ გახდება რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
„კონკრეტულად რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები საპასუხოდ? რომელი ჯარები განთავსდება წინასწარ ჩვენს ტერიტორიაზე? რა დაჯდება ეს ყველაფერი და ნამდვილად იმუშავებს თუ არა? ეს მარტივი არ არის. ასეთი იდეებისადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, აქამდე მკაფიო, კონკრეტული პასუხები არ მოგვისმენია“, - დასძინა ზელენსკიმ.





