მედიცინაში ნობელის პრემია კიბოს თერაპიის მკვლევრებს გადაეცათ
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
სტოკჰოლმში მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ცნობილია. პრემია ჯეიმს ელისონს და ტასუკუ ჰონზუს გადასცეს, რომლებმაც კიბოს თერაპია გამოიგონეს.
BREAKING NEWS
— The Nobel Prize (@NobelPrize) October 1, 2018
The 2018 #NobelPrize in Physiology or Medicine has been awarded jointly to James P. Allison and Tasuku Honjo “for their discovery of cancer therapy by inhibition of negative immune regulation.” pic.twitter.com/gk69W1ZLNI
„ნობელის კვირა“ ტრადიციულად მედიცინის დარგში მიღწევებისთვის პრემიის გადაცემით იწყება. ხვალ, 2 ოქტომბერს ცნობილი გახდება ფიზიკის დარგში გამარჯვებული, 3 ოქტომბერს - ქიმიის. 5 ოქტომბერს ოსლოში მშვიდობის პრემიის მფლობელი გახდება ცნობილი, ხოლო „ნობელის კვირეულის“ დასასრულს, 8 ოქტომბერს ეკონომიკის დარგში წარმატებისთვის პრემია გადაეცემა ერთ-ეთ კანდიდატს.
ნობელის პრემიის კომიტეტმა მაისში გადაწყვიტა, რომ 2018 ლიტერატურის დარგში პრემიას აღარ გადასცემს. ამის მიზეზი სექსსკანდალია. კერძოდ, ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშუალა. ბრალდებები 1996-2017 წლებში მომხდარს ეხებოდა. ფოტოგრაფის წინააღმდეგ ბრალდებები პირდაპირ დაუკავშირდა შვედეთის აკადემიას, რადგან ზოგიერთი ინციდენტი ორგანიზაციის კუთვნილ შენობებში ხდებოდა.
ნოემბერში აკადემიამ განიხილა არნოს წინააღმდეგ ბრალდებები და აღმოჩნდა, რომ ის შეუფერებლად იქცეოდა ასევე აკადემიის წევრებთან, მათ ქალიშვილებთან, ცოლებთან და კანცელარიის თანამშრომლებთან. სექსუალური შევიწროების გარდა, არნოს ნობელის პრემიის ლაურეატებზე მონაცემების გამხელაში წაუყენეს ბრალი.
ნობელის პრემიის ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიტერატურის დარგში პრემია არ გაიცა. აკადემიის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი წელი, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის მიუღია. 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია.





