ევროპის აუდიტორთა პალატა: სამართლებრივი გაურკვევლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მათი განსხვავებულად გამოყენების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სავაჭრო სანქციები მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანია
მსოფლიო

Reuters
სამართლებრივი გაურკვევლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მათი განსხვავებულად გამოყენების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სავაჭრო სანქციები მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანია. ამ დასკვნამდე მივიდა ევროპის აუდიტორთა პალატა (ECA) სამშაბათს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში.
აუდიტორთა შეფასებით, სანქციებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვაჭრობა და შეზღუდა იმ პროდუქციის პირდაპირი მიწოდება, რომელიც შესაძლოა რუსულმა სამხედრო მრეწველობამ გამოიყენოს. მიუხედავად ამისა, სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი ნარჩუნდება, ხოლო შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობები კვლავ მთავარ პრობლემად რჩება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სანქციებისა და საბაჟო კანონმდებლობა ბუნდოვან ფორმულირებებს შეიცავს, რომლებსაც ეროვნული უწყებები სხვადასხვანაირად განმარტავენ. ეს ქმნის ყველაზე ხელსაყრელი იურისდიქციის შერჩევის რისკს, როდესაც კომპანიები ოპერაციებს იმ წევრ სახელმწიფოებში ატარებენ, სადაც კონტროლი ნაკლებად მკაცრია.
„არასაკმარისად მკაფიო წესები და კანონის აღსრულების ხარვეზები სანქციების ეფექტიანობას ამცირებს და მათ გვერდის ავლას აადვილებს“, - განაცხადა ECA-ს წევრმა მიხაილს კოზლოვსმა, რომელიც ანგარიშის მომზადებაზე იყო პასუხისმგებელი. მისი თქმით, შემზღუდველი ზომები სრულყოფილად მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ ისინი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთგვაროვნად და კოორდინირებულად იქნება დანერგილი.
აუდიტორებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკომისიის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა სანქციების კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის ფართო სისტემა შექმნა, ევროკომისიის რეკომენდაციებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნია. გარდა ამისა, ორგანიზაციას არ გააჩნია სანქციების პოლიტიკის საერთო ეფექტიანობის შესაფასებელი მკაფიო კრიტერიუმები.
ამ ფონზე, ECA რეკომენდაციას იძლევა, რომ დაკონკრეტდეს მარეგულირებელი ბაზა, გაძლიერდეს სანქციების დაცვაზე კონტროლი, გაუმჯობესდეს წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლა და შემუშავდეს მონიტორინგის უფრო ქმედითი მექანიზმები.
აუდიტორთა მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირზე კვლავ მოდიოდა რუსული სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 10% (58 მილიარდი ევრო), რაც ევროკავშირს რუსეთის მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად ტოვებს.





