ტერეზა მეი Brexit-ის შესახებ ბრიტანეთში მეორე რეფერენდუმს გამორიცხავს
მსოფლიო

ტერეზა მეი
ფოტო: shutterstock
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის (Brexit-ის) შესახებ მეორე რეფერენდუმი არ ჩატარდება. ამის შესახებ BBC წერს.
მეის თქმით, ის ღრმადაა დარწმუნებული Brexit-ის აუცილებლობაში და ამ თემაზე კიდევ ერთი რეფერენდუმი „დემოკრატიისა და ეროვნული ინტერესების ღალატი იქნება“.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.
ცოტა ხნის წინ ტანსაცმლის ბრენდ Superdry-ის თანადამფუძნებელმა ჯულიან დანკერტონმა განაცხადა, რომ მზადაა 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესწიროს საზოგადოებრივ კამპანიას People's Vote. ამ კამპანიის მიზანია ქვეყანაში Brexit-ის თემაზე ახალი რეფერენდუმი მოაწყოს. მილიონერი ამბობს, რომ ამ კამპანიას შეუძლია რეალურად შეუშალოს ხელი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები, რომლითაც ჩანს, რომ 2016 წლის შემდეგ ბრიტანელებმა Brexit-ის შესახებ აზრი შეიცვალეს. გამოკითხვის მიხედვით, სამეფოს 100-ზე მეტ საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ აზრი შეიცვალა და თუ ეს ოლქები 2016 წელს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდნენ მხარს, ახლა Brexit-ის წინააღმდეგები არიან. გამოკითხულთა უმეტესობას, 53%-ს სურს, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩეს ევროკავშირის წევრად.




