რას ნიშნავს „რბილი ბრექსიტი“, რაზეც ბრიტანეთის მთავრობა შეთანხმდა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
6 ივლისს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ერთიანი პოზიცია შეიმუშავა. განცხადება 12-საათიანი შეხვედრის შედეგი იყო, რომელსაც კაბინეტის 29 წევრი ესწრებოდა. მინისტრები ჩეკერსში, ბრიტანელი პრემიერმინისტრების საზაფხულო რეზიდენდიაში თათბირობდნენ.
წარმოდგენილ პოზიციას აფასებენ როგორც Brexit-ის „რბილ“ ვერსიას, რომლის მთავარი პუნქტები ასეთია:
- საქონლისათვის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შენარჩუნება. პრემიერმინისტრ ტერეზა მეის გეგმით, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნონ ამ სფეროში საერთო წესები და საქონლით ვაჭრობის პროცესი არ შეფერხდება. მთავრობა აცხადებს, რომ ეს დაიცავს 40 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სავაჭრო კავშირებს და მათზე დამოკიდებულ სამუშაო ადგილებს. არა საქონლით, მაგრამ მომსახურებით ვაჭრობისთვის შეთავაზებულია ბრიტანელებისთვის სასარგებლო და მოქნილი წესების შემუშავება.
- გამარტივებული საბაჟო წესრიგის შემუშავება, რომელიც ევროკავშირს და ბრიტანეთს შორის კონტროლის არარსებობას გულისხმობს - ისეთს, როგორიც „ერთიან საბაჟო ტერიტორიაზე იმოქმედებდა“. ნავარაუდევია, რომ დიდი ბრიტანეთი საკუთარ ტარიფებს დააწესებს საქონელზე, რომელიც მის ტერიტორიაზე უნდა შევიდეს და ევროპულ ტარიფებს - საქონელზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში შედის, მაგრამ ევროკავშირისთვისაა განსაზღვრული.
- ევროკავშირის კანონმდებლობაზე ორიენტირება იმ სფეროებში, რომელშიც ეს საჭიროა შეუფერხებელი ვაჭრობისათვის. შესაბამისი ცვლილებები ბრიტანულ კანონებში პარლამენტმა უნდა მიიღოს - და მას აქვს უფლება ეს არ გააკეთოს. დიდი ბრიტანეთი გამოდის ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან. უქმდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილება, მაგრამ ნარჩუნდება ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა უფლებები ერთმანეთის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად იმოგზაურონ, ისწავლონ და იმუშაონ.
- ირლანდიის საზღვრის პრობლემის გადაწყვეტა. მთავრობის აზრით, ამ პუნქტების პრაქტიკაში რეალიზების შემთხვევაში წარმატებით გადაწყდება „ბრექსიტზე“ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე რთული პუნქტი. თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან გასვლას დასჭირდებოდა სასაზღვრო შენობების აგება ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ ერთადერთ სახმელეთო საზღვარზე - ირლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ამის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი ლონდონს ფაქტობრივად სთავაზობდა „ბრექსიტის“ გაყინვას. მთავრობა ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტის თანახმად, ეს სირთულეები მოიხსნება.
რა ატმოსფეროში მოუწიათ მინისტრებს შეთანხმება
ბრიტანული პრესის ცნობით, ჩეკერსში შეხვედრაზე ჩასულ მინისტრებს, რომლებსაც თანაშემწეებიც არ ახლდათ თან, ტელეფონების ჩაბარება მოსთხოვეს. შეთავაზებული პირობების განხილვის პროცესი რთული იყო, რადგან ზოგიერთი მინისტრი „ხისტ“ ბრეკსიტს ემხრობოდა. „ხისტი“ ბრექსიტი გულისხმობდა ევროკავშირიდან ისეთ გასვლას, როდესაც დიდი ბრიტანეთი დატოვებდა ერთიან სავაჭრო სივრცეს და საზღვრებს დახურავდა. ამ ვარიანტს ემხრობოდა მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელსაც The Times-ის ცნობით, ტერეზა მეი თანამდებობიდან მოხსნით დაემუქრა, თუ ის შეთანხმებას შეეწინააღმდეგებოდა; იმავდროულად, ერთ-ერთმა მინისტრმა The Guardian-ს უამბო, რომ ჩეკერსში სადილის დროს ჯონსონი გეგმას იწონებდა.
წერილში, რომელიც ტერეზა მეიმ თანაპარტიელ კონსერვატორ დეპუტატებს მისწერა, ნათქვამია: „ჩვენი პოლიტიკის შემუშავების დროს მე ვაძლევდი კაბინეტის წევრებს შესაძლებლობას საკუთარი შეხედულებები გამოეთქვათ. ეს შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ვითარება შეიცვალა და ახლა კოლექტიური პასუხისმგებლობა მოქმედებს“.
ბევრმა კონსერვატორმა გეგმა გააკრიტიკა. მათი თქმით, ევროკავშირი ბრიტანულ ბიზნესს თავის წესებს უკარნახებს. „ბრექსიტის“ ერთ-ერთმა მთავარმა მომხრემ პარლამენტში, კონსერვატორმა ჯეიკობ რიზ-მოგმა განაცხადა: „თუ დეტალური კანონპროექტის თანახმად გაირკვა, რომ ჩვენ „დამაზიანებელი“ „ბრექსიტი“ გველის, რომელიც ფაქტობრივად ევროკავშირში დაგვტოვებს, მე წინააღმდეგ მივცემ ხმას“.
ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე მიესალმა ბტრიტანეთის მთავრობის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ელოდება დოკუმენტს, რომელიც მომავალ კვირას უნდა გამოქვეყნდეს.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. Brexit-ის საბოლოო პირობები შემოდგომაზე უნდა შეთანხმდეს.




