ტრამპმა ახალი საიმიგრაციო განკარგულება გამოსცა
მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, - წერს BBC.
განკარგულება 90 დღით კრძალავს აშშ-ის ტერიტორიაზე 6 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. პირველი განკარგულებისგან განსხვავებით, ახალ ჩამონათვალში აღარ არის ერაყი, რადგან უშიშროების სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყანამ გააუმჯობესა თავისი მოქალაქეების შესახებ ამერიკის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდება. დოკუმენტის მოქმედება არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც 27 იანვრამდე მიიღეს ვიზები ან ამერიკაში ცხოვრების უფლება.
იმავდროულად, 120 დღით შეწყდება დევნილების მიღების პროგრამა. ეს ზომა არ შეეხება მათ, ვისაც უკვე განუსაზღვრეს ამერიკაში ჩასვლის დრო, ვის შესვლაზეც ნებართვა გაცემულია ან უკვე შეუშვეს ქვეყანაში. თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი განკარგულება არ კრძალავს აშშ-ში მუსლიმების შესვლას.
პირველი განკარგულება, რომელმაც ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა, დონალდ ტრამპმა 27 იანვარს გამოსცა. დოკუმენტს ქვეყანაში პროტესტის მასშტაბური ტალღა მოჰყვა და, საბოლოოდ, მისი მოქმედება სასამართლო ხელისუფლებამ დაბლოკა.





