imedi
მარინ ლე პენი: ევროპისთვის საფრთხე რუსეთთან ცივი ომის წამოწყებაა
მსოფლიო

მარინ ლე პენი
ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტობის "ნაციონალური ფრონტის" კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარ საშიშროებას რუსეთთან ცივი ომი წარმოადგენს, - „თუ რუსეთს და ჩინეთს ერთმანეთს ჩავახუტებთ, ეს იქნება ევროპის ნამდვილი საფრთხე“, - ამბობს ლე პენი.
გარდა ამისა, ლე პენმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს არ ჩაუდენია არაფერი ისეთი, რის გამოც მას „მკვლელი“ შეიძლება ვუწოდოთ, როგორც ის Fox News-ს ჟურნალისტმა ბილ ო’რაილიმ მოიხსენია.
"ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტით აღფრთოვანებული სულაც არ არის. - „მე როკკონცერტზე მყოფი ფანატი არ ვარ, მე დიდებული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ვარ. რაც მე მაინტერესებს ეს საფრანგეთის ინტერესებია“, - დაამატა ლე პენმა.
მარინ ლე პენი "ნაციონალურ ფრონტს" 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. პოლიტიკოსს ევროპარლამენტში იმუნიტეტი 2013 წელსაც მოუხსნეს. მაშინ პარლამენტარები მას რასობრივი სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებდნენ.
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის აპრილ-მაისში იგეგმება. ლე პენის გარდა, არჩევნებში მემარჯვენე პარტიის, "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიონი და მოძრაობის "წინ!" ლიდერი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ.





