აშშ-მა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა
მსოფლიო

თეთრი სახლი
ფოტო: shutterstock.com
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის ლაპარაკია, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ როტენბერგსა და კირილ შამალოვზე. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამერიკული მედია წერდა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პოლ მანაფორტმა კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენისგან, ოლეგ დერიპასკასგან 60 მილიონი დოლარი ოფშორიდან მიიღო, როგორც კრედიტი.
ე.წ. კრემლის სია ვაშინგტონში 2018 წლის იანვარში შედგა და მასში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვა შედის. კერძოდ, სიაშია ყველა რუსი მეწარმე, რომლის ქონებაც მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ეს სია ვაშინგტონის საპასუხო რეაქციაა, 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთში შესაძლო ჩარევის გამო.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.





