საბაგიროებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები მსოფლიოში. ვიდეოქრონიკა
მსოფლიო

კადრი: euronews
საბაგიროების გაუმართაობის მიზეზით ინციდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თითქმის ყოველწლიურად ხდება. imedinews-ი რამდენიმე ასეთი ინციდენტის შესახებ გიამბობთ.
ყველაზე მასშტაბური ტრაგედია 1998 იტალიაში მოხდა. იქ 20 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც საბაგიროს ხაზი შემთხვევით ამერიკულმა საწვრთნელმა ვერტმფრენმა გადაჭრა. კაბინები 80 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა.
2016 წელს 45 ტურისტმა ღამე საფრანგეთის ალპებში მწვერვალის თავზე, გაჩერებულ საბაგირო კაბინებში გაატარა. მიზეზად საბაგიროს ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 2017 წელს ესპანეთშიც. აქ მთა ტეიდეზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის გამო 100-ზე მეტმა ადამიანმა ღამე კაბინებში გაათენა. ისინი მიწაზე საწევი ბაგირის მეშვეობით ჩამოიყვანეს.
2017 წელს ინდოეთში, გულმარგში გაშენებულ ერთ-ერთ საკურორტო ზონაში უბედურ შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაგირი გაწყდა, რის გამოც საბაგირო კაბინები მიწაზე ჩამოვარდა. დაიღუპა ერთი ოჯახის ოთხი წევრი, მათგან ორი ბავშვი.
რამდენიმე დღის წინ, 4 მარტს ნეპალში, მანაკამანას საბაგიროზე კაბინას ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ერთი ადამიანი დაიღუპა.
საქართველოში საბაგიროსთან დაკავშირებული ტრაგედია 1990 წლის 1 ივნისს მოხდა, როდესაც მთაწმინდის და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ხაზზე საწევი ბაგირი გაწყდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 42 - დაშავდა.
16 მარტს, გუდაურში ერთ-ერთ საბაგირო ხაზზე მომხდარი ავარიის გამო 11 ადამიანი დაშავდა.





