რა არის „ნოვიჩოკი“, რომლითაც ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლეს
მსოფლიო

ფოტო: Geoff Pugh / REX
რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოფიცერი და რუსეთში ბრიტანეთის ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლეს ნივთიერებით, სახელად "ნოვიჩოკი".
ის ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებების რიგს მიეკუთვნება, რომელიც რუსეთში ორგანული ქიმიისა და ტექნიკის კვლევით ინსტიტუტში 1970-იან წლებში ამზადებდნენ. "ნოვიჩოკების" ერთ-ერთი შემქმნელი ვილ მირზაიანია, რომელიც 1990-იან წლებში აშშ-ში გაემგზავრა. ამტკიცებენ, რომ "ნოვიჩოკი" VX-ზე და ზარინზე მეტად ძლიერია და მისი დამზადება ჩვეულებრივი ქიმიკატებისგან შეიძლება, რომელსაც სასუქისა და პესტიციდების ქარხნებში იყენებენ.
"ნოვიჩოკი" ანელებს გულისცემას და ართულებს სუნთქვას. ნივთიერება შესაძლოა გამოიყენონ როგორც გაზის, ასევე თხევადი ფორმით. რუსეთის ფედერაციის საბჭოში განაცხადეს, რომ ქიმიური იარაღის მარაგი გაანადგურეს, მათ შორის "ნოვიჩოკიც".
"კომერსანტის" ცნობით, სოლსბერის ინციდენტამდე, "ნოვიჩოკი" მხოლოდ ერთადერთხელ გამოიყენეს - 1995 წელს მოსკოვში ბანკირ ივან კიველიდისა და მისი მდივნის ზარა ისმაილოვას მოწამვლის დროს. მკვლელობაში ბრალი მის ბიზნესპარტნიორს ვლადიმერ ხუციშვილს წაუყენეს.
გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემირმინისტრმა ტერეზა მეი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. ტერეზა მეიმ მოსკოვს ოფიციალური პასუხისთვის 1 დღე მისცა.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ") მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
სკრიპალის საქმეს გუშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.





