პორტუგალიაში პოლიციამ დემონსტრანტების ბანაკი დაარბია და 25 ადამიანი დააკავა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
პორტუგალიის პოლიციამ ლისაბონის ცენტრში გაშლილი ბანაკი დაარბია, რომელიც ქვეყანაში საბინაო კრიზისის გამწვავების მოწინააღმდეგეებმა გაშალეს. ათობით პოლიციელი როსიუს მოედანზე ღამით შევიდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს, რომ კარვების აუღებლობის შემთხვევაში, მათ დემონტაჟს მოახდენდნენ.
მომიტინგეებმა 100-ზე მეტი კარავი მას შემდეგ გაშალეს, რაც 24 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პოლიციამ „დაუმორჩილებლობისთვის“ 25 ადამიანი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
მომიტინგეები აცხადებენ, რომ ქირის სწრაფი ზრდა და ცხოვრების გაძვირება ოჯახებისთვის დამატებითი წნეხია, საბინაო საკითხი კი უკმაყოფილების სულ უფრო სერიოზულ წყაროდ იქცა, რის გამოც ყველაზე მეტად ახალგაზრდობა ზარალდება.
პორტუგალიის ბანკის შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 ათასი სახლის დეფიციტია, რაც ლისაბონის მთელი საბინაო ფონდის ეკვივალენტურია.
მომიტინგეები ითხოვენ, რომ მთავრობამ უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც გამოსახლების პროცედურას ამარტივებს და იჯარის ახალ ხელშეკრულებებზე ქირის შეზღუდვებს აუქმებს.





