Le Monde: ევროპაში სკეპტიკურად უყურებენ კუშნერის იდეას უკრაინისთვის ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიების მინიჭების შესახებ
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
GettyImages
ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, ევროპაში უკიდურესად სკეპტიკურად შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის პრინციპებზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ითვალისწინებს.
19 ნოემბერს კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სრულიად მისაღებია უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის მუხლის ანალოგიურ პრინციპებს დაეფუძნება. თუმცა მოსკოვმა ეს მტკიცება მალევე უარყო - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი „კრეატიული გადაწყვეტილებები“ რუსეთისთვის მიუღებელია.
ამასთან, კუშნერის წინადადებამ ევროპელებში „გაურკვევლობა“ გამოიწვია. გამოცემის ცნობით, ევროპელი დიპლომატები მიუთითებენ, რომ შეუძლებელია ნატოს წევრი „ნახევრად“ იყო.
„რას ნიშნავს „მე-5 მუხლთან მიახლოებული“? ან ხარ ნატო-ში, ან მის გარეთ. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს“, - აღნიშნა ალიანსის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის დიპლომატმა.
Le Monde წერს, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დაკავებას ცდილობს, რათა გრძელვადიანი უსაფრთხოება როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ისე კიევისთვის უზრუნველყოს. ამ ფონზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვლავ ღიად დააყენა უკრაინის ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხი. მას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კიევი ალიანსის წევრი ჯერ კიდევ ორი ათწლეულის წინ არ გახდა.
„ვფიქრობ, დღეს ყველა ვხედავთ - განსაკუთრებით, როდესაც წარსულს გადავხედავთ - რა შეცდომა იყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ-ის წინადადების არგაზიარება უკრაინის ალიანსში მიღების თაობაზე. ის რომ ნატოს წევრი გამხდარიყო, ამ ომის თავიდან აცილება, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა მერცმა, თუმცა არ უხსენებია, რომ მაშინ გაფართოების წინააღმდეგ სწორედ გერმანია და საფრანგეთი გამოდიოდნენ.





