უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს
მსოფლიო

უკრაინაში 250 დაღუპული ადამიანის ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბი Telegram-ზე ავრცელებს.
„რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინაში დაბრუნებულია 250 დაღუპულის ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნით“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებისთვის ყველა აუცილებელ პროცედურას ჩაატარებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაბრუნებული ცხედრები ხარკოვის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და კურსკის მიმართულებებიდან არიან გადმოსვენებულნი.





