Financial Times: დონალდ ტრამპმა რუსეთთან ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმების გეგმა გადადო
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი სტივ უიტკოფი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ რუსეთისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზების გეგმა ფაქტობრივად გადადო. ამის მიზეზი კრემლის მხრიდან ამერიკული ენერგეტიკული და საავიაციო პროექტების მიმართ ინტერესის შემცირება გახდა, იუწყება Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა და აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ რუსეთთან კორპორაციული თანამშრომლობა ვაშინგტონის შეთავაზებების მთავარ ნაწილს აღარ წარმოადგენს. ახლა მოლაპარაკებების ყურადღება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებზეა გადატანილი.
ბოლო თვეებში კუშნერი და უიტკოფი ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის რამდენიმე შესაძლებლობას განიხილავდნენ. მათ შორის იყო ამერიკული კომპანიების მონაწილეობა რუსეთის ნავთობპროექტებსა და ტიტანის წარმოებაში, ასევე ევროპისთვის რუსული მილსადენებით გაზის მიწოდების განახლება. ეს ინიციატივები ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შეწყვეტის ეკონომიკურ სტიმულად განიხილებოდა.
ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ რუსეთის ოფიციალური პირები თავდაპირველად ამერიკულ წინადადებებს დადებითად შეხვდნენ, რადგან ეკონომიკური შეთანხმებების პერსპექტივა დონალდ ტრამპის პროცესში ჩართულობის შენარჩუნების შესაძლებლობად მიაჩნდათ.
თუმცა, კრემლის პოზიცია მოგვიანებით შეიცვალა. მოსკოვი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ ტერიტორიული დათმობები და სხვა ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომლებსაც კიევი მიუღებლად მიიჩნევს.
Financial Times-ის კითხვაზე, აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემის ინფორმაცია „არაზუსტად“ შეაფასა. მისი თქმით, ვაშინგტონი მოლაპარაკებების სხვადასხვა მიმართულებას აყალიბებს და მათ შესახებ მაშინ გამოაცხადებს, როდესაც ამისთვის მზად იქნება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთთან ომის შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობა კვლავ რჩება განხილვის ერთ-ერთ ელემენტად.
გამოცემის წყაროების ცნობით, აბუ-დაბიში მიმდინარე თვის დასაწყისში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე რუსეთის წარმომადგენლებმა ეკონომიკური შეთანხმებების მიმართ მცირე ინტერესი გამოავლინეს და სანაცვლოდ, მკაცრი მოთხოვნები კიდევ უფრო გაამყარეს. მათ ამერიკულ მხარეს მიანიშნეს, რომ პუტინი საკუთარი პოზიციის შესარბილებლად დამატებითი ეკონომიკური შეთანხმებების სანაცვლოდ მზად არ არის.
„საკმაოდ ნათლად გამოჩნდა, რომ რუსები მსგავსი შეთავაზებებით დაინტერესებული არ იყვნენ“, - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Financial Times-ს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ფართო სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, სანქციების შემსუბუქებას გამოიწვევს, რაც კერძო კომპანიებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.
აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებმაც უკვე დაასკვნეს, რომ პუტინისთვის ომის გაგრძელების ან დასრულების საკითხში ეკონომიკური სარგებელი გადამწყვეტი მოტივატორი არ არის.
„ამერიკელებმა თანდათან უკეთ გაიაზრეს, რა სჭირდება კონფლიქტის თითოეულ მხარეს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.





