ზელენსკი: მე-5 მუხლის მაგალითზე შექმნილი რეალური გარანტიების ნაწილი უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების ძალებისა და ბაზების განთავსება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოს მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ამერიკული მხარე საუბრობს, პარტნიორების მხრიდან არა მხოლოდ პოლიტიკურ ვალდებულებებს, არამედ რეალურ სამხედრო ყოფნასა და რუსეთის შესაძლო განმეორებით აგრესიაზე რეაგირების მკაფიო მექანიზმს უნდა მოიცავდეს.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი ხედვა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გარეშე.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი დაინტერესებული იქნებოდა უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების ფიზიკური ყოფნით - იმის მსგავსად, როგორც აშშ-ს აქვს საკუთარი ბაზები ახლო აღმოსავლეთში.
„ჩემი აზრით, მე-5 მუხლის მაგალითზე შექმნილი რეალური გარანტიების ნაწილი უნდა იყოს შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების ძალებისა და ბაზების განთავსება. ამის გარეშე, ვფიქრობ, საეჭვოა, მე-5 მუხლზე ან მის მსგავს რამეზე საუბარი შევძლოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოკავშირეების კონკრეტული რეაქცია რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პარტნიორებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ, რა ნაბიჯებს გადადგამენ აგრესიის საპასუხოდ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მსგავსი გარანტიები გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის, არამედ უკრაინული საზოგადოებისა და იმ პოტენციური ინვესტორებისთვისაც, რომლებიც ომის შემდეგ უკრაინაში შემოვლენ. მისი შეფასებით, ბიზნესი მზად არის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად იმ პირობით, თუ უკრაინას ექნება ევროპული მომავალი და საიმედო დაცვა.





