Bloomberg: ევროკავშირი ყოფილ რუს ჯარისკაცებს შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ევროკავშირი რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებსა და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე მებრძოლებს ბლოკის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, შესაბამისი წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მთავარი ნაწილი იქნება.
გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკომისია სანქციების 22-ე პაკეტის ფარგლებში ასევე გეგმავს შეზღუდვების დაწესებას რამდენიმე ბანკისა და კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებლისთვის, ასევე რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 65 ტანკერისთვის.
გარდა ამისა, სანქციები შეეხება სამხედრო დანიშნულების რამდენიმე ორგანიზაციასა და იარაღის წარმოებისთვის გამოყენებულ დამატებით საქონელს. ევროკომისია ასევე აპირებს აკრძალოს ტრანზაქციები რამდენიმე პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ევროკავშირი სანქციების პაკეტის მიღებას მომდევნო თვეში გეგმავს. ეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბლოკის მიერ მომზადებული სანქციების 22-ე პაკეტი იქნება. ევროკავშირის სანქციების დასამტკიცებლად წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო, შესაბამისად, საბოლოო მიღებამდე წინადადებები შესაძლოა შეიცვალოს.
წყაროების ინფორმაციით, პაკეტის სწრაფად დამტკიცების მიზნით, ევროკომისია, სავარაუდოდ, თავს შეიკავებს ისეთი წინადადებების წარდგენისგან, რომლებსაც წევრი ქვეყნები მანამდე ეწინააღმდეგებოდნენ, მათ შორის საზღვაო მომსახურების აკრძალვისგან.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შენარჩუნებას იმ ფონზე გეგმავს, როდესაც ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
ბოლო კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი შეინიშნება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მაქსიმალისტურ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის დონბასზე კონტროლის დამყარებას, უკრაინაში დასავლეთის სამხედრო ძალების განთავსების აკრძალვას და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ყოფნის ფაქტობრივად შემცირებას.
მოსალოდნელია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მომავალ რაუნდებში ევროპელი ოფიციალური პირებიც მიიღებენ მონაწილეობას. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იქნება, რათა მოსკოვმა მომავალში ქვეყანაზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს. ასევე განიხილება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურა.
სანქციების ახალი წინადადებების პარალელურად, ევროკავშირი სპეციალური სანქციების სამსახურის შექმნასაც გეგმავს. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ახალი უწყება გააერთიანებს იმ ფუნქციებს, რომლებიც ამჟამად ბლოკის ფინანსურ, სავაჭრო და საგადასახადო სამსახურებს შორის არის განაწილებული.
ევროკავშირის გეგმით, უწყებამ მუშაობა მომავალი წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს. ის სანქციების მთელ პროცესს გაუწევს ზედამხედველობას - მათი თავდაპირველი შემუშავებიდან მიღებული შეზღუდვების აღსრულებამდე.
გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს შეზღუდვების ახალ კატეგორიას, რომელიც ტექნოლოგიებსა და სოციალური მედიის მომსახურებებს შეეხება.





