POLITICO: კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობს - ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი მოლაპარაკების ჯგუფის მიღმა დარჩა
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: AFP via Getty Images
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკუთარი როლის განსაზღვრას ცდილობს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპული მხარის სახელით მოლაპარაკებებში მონაწილე ჯგუფში კალასი არ შეიყვანეს.
POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ცდილობს გავლენა მოახდინოს როგორც მოლაპარაკებების მანდატის განსაზღვრაზე, ისე იმ საკითხებზე, რომლებსაც ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებებისას უნდა დაუჭიროს მხარი და რა უნდა იყოს მისი წითელი ხაზები.
კალასმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, ის ბლოკის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელია. ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს ევროპისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური უსაფრთხოების კრიზისის მოსაგვარებლად შექმნილ მოლაპარაკების ჯგუფში, მან განაცხადა: „აიღეთ ხელშეკრულებები და წაიკითხეთ. ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე? როგორც ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის ვეუბნებით, ევროპაში კანონის უზენაესობის საფუძველი სწორედ ხელშეკრულებებია. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებლობას ვიღებ და მზად ვარ, ეს საქმეც შევასრულო, მოლაპარაკებებიც ვაწარმოო“.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში დისკუსია მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპულ მხარეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გასულ კვირას დუბლინში განაცხადა, რომ მოლაპარაკების ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები იქნებოდნენ. კაია კალასი ჯგუფში არ მოხვდა, წერს გამოცემა.
ეს მიდგომა ესპანეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს. „ევროპას ერთი ხმა სჭირდება. 27 მიკროფონით ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა მკაფიო მანდატი და პროცედურები, რომლებიც საერთო პოზიციის შეთანხმების წესს განსაზღვრავს.
ევროკავშირის ზოგიერთი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების ჯგუფში კალასის არყოფნის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ მისი კრიტიკული პოზიციაა. სხვები კი აღნიშნავენ, რომ ჯგუფი შეგნებულად დაკომპლექტდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებით, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოების ლიდერებს ექვემდებარებიან. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც არ მონაწილეობდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებში.
რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩართული ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, კალასი ჯგუფში ვერ მოხვდა, რადგან ის ზედმეტად გამყოფი ფიგურაა. თუმცა, ევროკავშირის ორმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა მინისტრებისა და დიპლომატიური უწყებების როლის უფრო ფართო შემცირებას ასახავს.
„ეს დიდი ტენდენციის ნაწილია, რომლის შეჩერებაც რთულია. სულ უფრო მეტი საერთაშორისო საკითხი, რომლებსაც ადრე საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავდნენ, ახლა პრემიერ-მინისტრების ან პრეზიდენტების დონეზე წყდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.





