ირლანდიის პრემიერი დუბლინში მიმდინარე EPC-ის სამიტზე: დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა, უფრო მეტად როგორ დავაკავშიროთ ევროპის კონტინენტი. ეს გულისხმობს როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ისე ფიზიკურ და ტექნოლოგიურ დაკავშირებადობას და რა თქმა უნდა, ენერგეტიკას
მსოფლიო

მიჰოლ მარტინი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა, უფრო მეტად როგორ დავაკავშიროთ ევროპის კონტინენტი. ეს გულისხმობს როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ისე ფიზიკურ და ტექნოლოგიურ დაკავშირებადობას და რა თქმა უნდა, ენერგეტიკას, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიჰოლ მარტინმა დუბლინში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შესახებ მედიასთან.
ირლანდიის პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების საერთო გადაწყვეტის გზები შეიმუშაონ.
„ევროპის კონტინენტზე არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ომის ფონზე უფრო მეტი ერთიანობისა და კოორდინაციისა აუცილებლობაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების უპირატესობა კი ის არის, რომ ის თანამშრომლობის პროცესში ევროპის კონტინენტის ბევრად მეტ ქვეყანას და მის ფარგლებს გარეთაც სხვა სახელმწიფოებს აერთიანებს. დღეს ჩვენ კანადაც შემოგვიერთდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე ვიმსჯელოთ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა, უფრო მეტად როგორ დავაკავშიროთ ევროპის კონტინენტი. ეს გულისხმობს როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ისე ფიზიკურ და ტექნოლოგიურ დაკავშირებადობას და რა თქმა უნდა, ენერგეტიკას.
ეს ყველა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებია. როდესაც ქვეყნები ერთად იკრიბებიან, შეგვიძლია, ამ გამოწვევებისა და პრობლემების საერთო გადაწყვეტის გზები შევიმუშაოთ - იქნება ეს ხელმისაწვდომი ენერგია, უსაფრთხოება და დაცვა განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ტექნოლოგიური თავდასხმები რეგულარულად ხორციელდება, თუ ეკონომიკური უსაფრთხოება, კრიტიკული ნედლეული და იშვიათი ლითონები. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ, რომ ამ მიმართულებებით ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული”, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
დუბლინი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტს მასპინძლობს, რომელშიც 50-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს. დუბლინში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სამიტზე პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, რომელიც შეეხება ევროპის დემოკრატიის უსაფრთხოებასა და დაცვა.





