დასავლური სადაზვერვო შეფასებების თანახმად, ირანი თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს
მსოფლიო

AP
დასავლური სადაზვერვო შეფასებების თანახმად, ირანი თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს, რაც მისი ომამდელი სიმძლავრის დაახლოებით ნახევარია. მონაცემები ოთხშაბათს გავრცელდა, ზუსტად იმ დროს, როდესაც თეირანმა ახალი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქი“ წარადგინა.
როგორც Bloomberg-თან საუბრისას დასავლელმა მაღალჩინოსანმა სადაზვერვო ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში დაწყებული აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო კამპანიის შედეგად ირანის კონვენციური სამხედრო ძალები თითქმის განადგურდა, ქვეყანას სავარაუდოდ ჯერ კიდევ აქვს, სულ მცირე, 1 700 ბალისტიკური რაკეტა და მათ წარმოებას აგრძელებს.
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ ირანული სარაკეტო იერიშების გამო, „პატრიოტის“ ტიპის, სულ მცირე, 1 000 რაკეტა გამოიყენეს. წელიწადში დაახლოებით 650 ასეთი რაკეტა იწარმოება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 4 მილიონი აშშ დოლარია.
Bloomberg-ის შეფასებით, 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმებით დაწყებული ომის შემდეგ, ირანმა 4 900-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის დრონი და, სულ მცირე, 2 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.





