ბარაკ ობამა: დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაავრცელა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს
მსოფლიო

ბარაკ ობამა
ფოტო: Getty Images
აშშ-ის ყოფილი „დემოკრატი“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ დამარცხებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.
როგორც თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა დაწერა, დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაავრცელა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს.
„დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაავრცელა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და არა ყოფს, ასევე ლიდერები, რომლებიც მათ წინაშე მდგარი გამოწვევების კონკრეტულ გადაწყვეტის გზებს სთავაზობენ.
ეს შედეგები შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში ღირსეული კანდიდატები გამოჩნდნენ, მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც გამარჯვების შანსი ადრე მცირე იყო. ისინი სხვადასხვა წარმომავლობისა და პოლიტიკური შეხედულებების იყვნენ, თუმცა მათ საერთო ღირებულებები, საზოგადოებრივი სამსახურის რწმენა და საკუთარი ოლქებისა თუ შტატების მოსახლეობის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების ვალდებულება აერთიანებდათ“, - დაწერა ობამამ.
მან მადლობა გადაუხადა ორივე პარტიის ათასობით მოხალისეს და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებმაც „ხელი შეუწყვეს არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას და ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეასრულეს“.
ობამას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადა ორი წელიწადში იწურება, გამარჯვებული კანდიდატები საქმიანობას ახლავე უნდა შეუდგნენ.
„ახლა ჩვენი ამოცანაა, საქმეს შევუდგეთ, ცვლილებები განვახორციელოთ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და მომავლისთვის საფუძველი მოვამზადოთ“, - დასძინა ობამამ.
აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 54 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 44 მანდატი ერგება. რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 228 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ - 139.





