სტივ უიტკოფის განცხადებით, აშშ-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი მოლაპარაკებები ადუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება
მსოფლიო

სტივ უიტკოფი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკა-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება.
„აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის სამუშაო დონეზე მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში წარმართავს. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაა. მოლაპარაკებები ომის შემდგომ უსაფრთხოების მექანიზმებს, ესკალაციის შემცირებას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და მშვიდობისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება“, - დაწერა უიტკოფმა.
ამასთან, ამერიკელი მომლაპარაკებლები მიმდინარე კვირას ბრიუსელში საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ომის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
მოუთმენლად ველით კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეული პროგრესის განვითარებას, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და მდგრად სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც მომავალ თაობებს ხანგრძლივ უსაფრთხოებას მოუტანს“, - დასძინა უიტკოფმა.




