FBI-მ კრიპტობირჟა Binance-ზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა
მსოფლიო

Reuters
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ კრიპტობირჟა Binance-ზე ამ კვირის დასაწყისში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეა დგას.
ბირჟამ, რომლის თანააღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა მომხდარს „რთული და კომპლექსური შეტევა“ უწოდა, დაკარგა კონტროლი ე.წ. „ცხელ საფულეებზე“, საიდანაც ჰაკერებმა 6.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ციფრული აქტივები მოიპარეს.
„ფედერალური გამოძიების ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა) პასუხისმგებელია კრიპტობირჟა Binance-დან 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ვირტუალური აქტივების ქურდობაზე“, - აღნიშნულია FBI-ის ოფიციალურ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ეს მავნე კიბერაქტივობა TraderTraitor-ის სახელით არის ცნობილი. ბიურომ ასევე დააფიქსირა, რომ ჰაკერები მოპარული აქტივების Ethereum-ში კონვერტაციას ახდენენ და ვარაუდობენ, რომ თანხების „შემდგომი გათეთრება“ დეცენტრალიზებული ფინანსებისა და სწრაფი გაცვლის სერვისების გამოყენებით მოხდება.
აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტოს (CISA) მონაცემებით, TraderTraitor-ი არის ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედი ჰაკერული ჯგუფი, რომელიც კრიპტოვალუტის ქურდობებსა და კიბერთავდასხმებში, სულ მცირე, 2020 წლიდან ფიგურირებს.





