პორტუგალიაში უძრავი ქონების კრიზისის გამო დაწყებული პროტესტის ფონზე, შაბათს ლისაბონის პოლიციამ როსიოს მოედანზე კარვების ქალაქი დაშალა
მსოფლიო

Reuters
პორტუგალიაში საცხოვრებელი ფართების გაძვირების გამო დაწყებული პროტესტის ფონზე, შაბათს ლისაბონის პოლიციამ როსიოს მოედანზე კარვების ქალაქი დაშალა. დემონსტრანტები მემარჯვენე-ცენტრისტული უმცირესობის მთავრობისგან საბინაო კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვდნენ, რომელიც, მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ საბინაო კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
შაბათს, ლისაბონის ცენტრში გამართული მრავალათასიანი მსვლელობის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მოედანზე 50-ზე მეტი კარავი გაშალეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათზე, პოლიციის ათეულობით თანამშრომელმა კარვების ბანაკი დაიკავა.
პოლიციის მეთაურმა ლური როდრიგესმა მომიტინგეები სამჯერ გააფრთხილა, რომ უკანონოდ აღმართულ კარვებს დაშლიდნენ, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დემონსტრანტებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება წაეყენებოდათ. პოლიციამ ასობით მომიტინგის დასაშლელად ფარები და ხელკეტები გამოიყენა. სამართალდამცველებმა კარვების შედარებით მცირე ბანაკი პორტუში, დომ ჟოაო I-ის მოედანზეც დაშალეს.
საცხოვრებლის მაღალ ფასებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა პორტუგალიაში ბოლო კვირებში განსაკუთრებით იმატა, რაც ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ უკმაყოფილების ტალღას ეხმიანება.
მომიტინგეები მთავრობას იმ კანონპროექტის გაუქმებას სთხოვენ, რომელიც გამოსახლების პროცედურას ამარტივებს და ახალ იჯარებზე ქირის ზედა ზღვარს აუქმებს.
პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრომ ხუთშაბათს გამორიცხა კანონპროექტის სრული გაუქმება, თუმცა განაცხადა, რომ მზადაა მასში ცვლილებები შეიტანოს მომდევნო კვირებში დაგეგმილ საბოლოო კენჭისყრამდე.
სოციალისტური პარტიის ლიდერმა ჟოზე ლუის კარნეირომ შაბათს მთავრობას მოუწოდა, ოპოზიციურ პარტიებთან და მომიტინგეებთან დიალოგში შევიდეს, ნაცვლად იმისა, რომ „ქედმაღლურად და ხანდახან ავტორიტარული ელფერით თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები“.





