მედია: თურქეთში ტორნადოს შედეგად ოთხი მშენებელი დაიღუპა, ერთი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: IHA
თურქეთის სამხრეთით, ანტალიაში ტორნადომ სამშენებლო ობიექტზე მუშებისთვის განკუთვნილი ორი საცხოვრებელი კონტეინერი დაანგრია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ძლიერმა ქარმა კონტეინერები დააზიანა და შიგნით მყოფი ხუთივე მუშა გარეთ გაისროლა. ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეხუთეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ანტალიის გუბერნატორის, ჰულუსი შაჰინის განცხადებით, ტორნადომ სამშენებლო მოედანზე ამწეც გადმოაგდო, თუმცა ამ შემთხვევას დამატებითი მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ქალაქის სხვა უბნებში შტორმისა და ტორნადოს შესახებ შეტყობინებები არ შესულა, მიმდებარე შენობები არ დაზიანებულა.
თურქეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, ანტალიაში ძლიერი წვიმის გამო ყვითელი დონის საფრთხე აამოქმედა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს ტერიტორიის შემოწმება, რათა დადგინდეს, ხომ არ იყო სხვა დაშავებული ან დაღუპული. ტორნადომ ასევე დააზიანა ერთ-ერთი საბავშვო ბაღის სახურავი.





