Rapporteur: ავსტრია ევროკავშირის ბიუჯეტს ვეტოს დადებით ემუქრება
მსოფლიო

კრისტიან შტოკერი
ფოტო: Getty Images
ავსტრია ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტს ვეტოს დადებით ემუქრება. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.
ქვეყნის კანცლერის კრისტიან შტოკერის განცხადებით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტით გათვალისწინებული ხარჯები ვენისთვის მიუღებლად მაღალია.
როგორც გამოცემა იუწყება, შტოკერი ევროკავშირის პირველი ლიდერია, რომელიც ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ეროვნული ვეტოს გამოყენებით იმუქრება. ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის დასამტკიცებლად 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
„ავსტრიას თავისი წითელი ხაზი აქვს. თუ ამ ზღვარს გადაკვეთენ, ჩემს თანხმობას არ მივცემ“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
შტოკერს არ დაუზუსტებულია, კონკრეტულად რა მოცულობის ხარჯებს მიიჩნევს მიუღებლად და ეს მოლაპარაკებების ტაქტიკით ახსნა.
მისი თქმით, ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებსაც საერთო ბიუჯეტში უფრო მეტი შეაქვთ, ვიდრე მისგან იღებენ, არ დათანხმდებიან მათთვის არასახარბიელო შეთანხმებას.
„საბოლოოდ, კომპრომისი აუცილებელია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. გერმანიას, ავსტრიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანას, როგორც ევროკავშირის ბიუჯეტის წმინდა კონტრიბუტორებს, შეთანხმების სწრაფად მიღწევა აუცილებლობად არ მიაჩნიათ“, - განაცხადა შტოკერმა.
ავსტრია ევროკავშირის ე.წ. ეკონომიური ექვსეულის წევრია. ეს ქვეყნები ევროკავშირის ბიუჯეტის მნიშვნელოვან შემცირებას ითხოვენ. ვენა ევროკომისიის მიერ 2028–2034 წლებისთვის შეთავაზებული, თითქმის 2 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი შემცირებას ემხრობა.
ავსტრიის მთავრობა ასევე ითხოვს ევროკავშირის ბიუჯეტის მოდერნიზებას და პრიორიტეტების შეცვლას. შტოკერის განცხადებით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს კონკურენტუნარიანობას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას.





