ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის შეზღუდვით მუშაობა წინასწარ დაგეგმილი ოპერაციაა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის ტერმინალები უკრაინის ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდვებით მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა. ამასთან, როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირის ტერიტორიაზე იგივე ტერმინალები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მუშაობს.
„ჩვენ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე Starlink-ის მქონე რამდენიმე მანქანა გავაგზავნეთ და ისინი საათში 180 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდნენ, Starlink კი მუშაობდა. დასკვნა - შეზღუდვები მოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე, ანუ ეს წინასწარ დაგეგმილი ოპერაციაა“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ შეზღუდვების გამო სამხედროებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ დრონებით საკვებისა და წყლის მიწოდება იმ პოზიციებისთვის, სადაც სახმელეთო ტექნიკა ვერ აღწევს, ასევე ვერ ახერხებენ რუსული რეაქტიული ტიპის დრონების, „შაჰედების“ ჩამოგდებას.
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ Starlink-ის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ უკრაინელმა სამხედროებმა პირველად 14 ოქტომბერს განაცხადეს. თუმცა უკვე 15 ოქტომბრის დილით უკრაინულმა მედიამ სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Starshield-ის მუშაობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სრულად აღდგა.
უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული კრიზისის ფონზე შეიზღუდა. The Telegraph-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ Starlink-ის შეზღუდვის ინიციატივა მასკს ეკუთვნის, ტრამპმა კი ამ წინადადებას მხარი დაუჭირა.





