რუსეთმა ოდესა რეაქტიული დრონით დაბომბა
მსოფლიო

ფოტო: Telegram
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას რეაქტიული დრონით შეუტია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„რუსეთის მიერ ოდესის ოლქში ჩვეულებრივ მაღაზიაზე რეაქტიული „შაჰედით“ განხორციელებული საშინელი დარტყმა. რუსეთი სისხლიან ტერორს განაგრძობს. მაღაზია ნაწილობრივ დანგრეულია, დაზიანებულია ავტომობილები. სამი ადამიანი დაშავდა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და დაშავებულებს დახმარებას უწევენ.
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში გვეხმარებოდნენ. საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მუდმივად იბომბება. არც ერთი საათი არ არის სიწყნარე“, - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, არის რუსეთის რეაქცია სიგნალზე, რომელიც ამერიკისგან მიიღო.
„სამწუხაროდ, ეს სახიფათო სიგნალებია, რომლებიც შესაძლოა სანქციების შემდგომ შემსუბუქებას უკავშირდებოდეს. ეს სანქციები მსოფლიომ, ამერიკამ, ევროპამ და ჩვენმა პარტნიორებმა დააწესეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და ჩვენს წინააღმდეგ ომის გამო.
არაფერი შეცვლილა, ომი არ შეჩერებულა. სანქციები არ უნდა მოიხსნას. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც თავად დაიწყო და უკვე 1695 დღეა განაგრძობს. მკვლელობისთვის დამატებითი თანხების მიღება ამას ხელს არ შეუწყობს. საჭიროა ძალა, ხოლო ამერიკა რუსეთის ტერორზე ძლიერია“, - დასძინა მან.





