„მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“ - გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ და შეაჩერონ ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თუ მიიჩნევენ, რომ ისინი მთავრობებისა და ბიზნესისთვის გადამეტებულ ტვირთს წარმოადგენენ
მსოფლიო

GettyImages
გერმანიის, იტალიისა და ბელგიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ჩაერიონ და შეაჩერონ ბრიუსელის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, თუ მიიჩნევენ, რომ ისინი მთავრობებისა და ბიზნესისთვის გადამეტებულ ტვირთს წარმოადგენენ, - წერს გამოცემა POLITICO.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, სამი ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს „საგანგებო მუხრუჭის“ მექანიზმი სჭირდება, რათა თავისი შესუსტებული ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გააძლიეროს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა ასევე მოითხოვეს „დაგეგმვისა და დამტკიცების პროცედურების მნიშვნელოვანი დაჩქარება“ და ახალი „პრიორიტეტული წესის“ ფარგლებში „გარკვეულ მარეგულირებელ სფეროებში წესების განსაზღვრული ვადით შეჩერება“.
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, შეიმუშაოს ბიუროკრატიის შემცირების კიდევ უფრო ამბიციური პაკეტები“, - წერენ ლიდერები და დასძენენ, რომ ევროკომისიამ ეს ტვირთი „პირველ რიგში“ მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა შეუმსუბუქოს.
„უფრო ფართო კონტექსტში, ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს იმის აცილება, რომ ზედმეტმა მარეგულირებელმა ტვირთმა და თანმდევმა ხარჯებმა ევროპული ინდუსტრიული სიმძლავრეების სამუდამო დაკარგვა და ინვესტიციებისა თუ კონკურენტუნარიანობის შემდგომი დასუსტება არ გამოიწვიოს“, - ნათქვამია წერილში.





