AXIOS: რუსული ექსპორტი დიზელის დეფიციტის პრობლემას ვერ აღმოფხვრის
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეთანხმება რუსული დიზელის ექსპორტის შესახებ მსოფლიოში არსებულ დეფიციტს ვერ აღმოფხვრის. ინფორმაციას AXIOS-ი ატლანტიკური საბჭოს მკვლევარზე ჯოზეფ ვებსტერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვებსტერის შეფასებით, პუტინი და სხვები ცდილობენ დიზელზე მაღალი ფასების გამო პასუხისმგებლობა უკრაინას გადააბრალონ, ნაცვლად იმისა, რომ გაითვალისწინონ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომის დამანგრეველი გავლენა გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე.
„რუსეთის მიერ დაანონსებული საექსპორტო მოცულობები არამხოლოდ გაურკვეველია, რეალურად განხორციელდება თუ არა, არამედ მათი მასშტაბიც მცირეა და ისინი დიზელის გლობალურ დეფიციტს ვერ აღმოფხვრის“, - განაცხადა ვებსტერმა.
სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებისთვის დიზელის საწვავის მიწოდებას გაზრდის.
ამ გადაწყვეტილებამ უკრაინის უკმაყოფილება გამოიწვია. კიევი შეთანხმებას ვლადიმირ პუტინისთვის საჩუქრად აფასებს მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს განაგრძობს.
„ახლახან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ძალიან წარმატებული საუბარი დავასრულე. შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკისა და მსოფლიო ბაზრებს, ნოემბერში - დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ 1 მილიონ ტონას“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დაამატა, რომ რუსეთი „მოკლე პერიოდში“ დამატებით 3 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის ბაზარს.





